ბარსელონა-პლზენი | მატჩისწინა მიმოხილვა
273 დღე გავიდა იმ დღის შემდეგ, როდესაც "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ითამაშა. კატალონიური გუნდი ამხელა პაუზებს მიჩვეული არაა.
"ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე წლის პირველ შეხვედრას სექტემბერში ატარებს. ასეთი რამ 2004 წლის შემდეგ პირველად ხდება. 18 წლის წინ მიზეზი ის იყო, რომ წინა სეზონში "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ მოხვდა, ამჯერად კი მიზეზი წინა სეზონის ჯგუფში ჩარჩენაა, რის გამოც "ბლაუგრანას" 2022 წელს ამ ტურნირზე ჯერ არ უთამაშია.
ყველა თანხმდება, რომ დღეს როტაციის დროა. რაც მთავარია, ამას აღიარებს ჩავი. თუმცა რამდენად გაბედული იქნება ეს როტაცია? ჯგუფი ძალიან რთულია, "პლზენი" მისი უსუსტესი წევრია და ჩეხებთან ქულების დაკარგვა კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუ "პლზენს" ორივე თამაშს ვერ მოვუგებთ, ისევ ევროპის ლიგისთვის უნდა ვემზადოთ. ამიტომ დღეს სიფრთხილეც გვმართებს.
სათამაშო ფორმა
სეზონის სტარტზე ორივე გუნდს საქმეები კარგად მისდის. "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველ მატჩში "რაიოსთან" "კამპ ნოუზე" ქულები კი დაკარგა, მაგრამ შემდეგ სამივე თამაში მოიგო, თანაც ყველა მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით.
ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თუ გავიხსენებთ, "ბარსას" საქმე კარგად ნამდვილად არ აქვს. გასულ სეზონში "ბლაუგრანამ" 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე კიევის "დინამოსთან" მატჩებში. უკანასკნელი 9 მატჩიდან კატალონიელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, ორივეჯერ კიეველებთან. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში "ბარსელონას" აქტივში მხოლოდ 1 მოგებაა და ისიც, რა თქმა უნდა, კიევის "დინამოსთან".
"ბარსა" "კამპ ნოუზე" კარგად ვერც ევროპა ლიგაზე გამოიყურებოდა. პირველი 2 თამაში ფრედ დაასრულა, შემდეგ კი "აინტრახტთან" წააგო და ტურნირსაც დაემშვიდობა.
თუმცა წელს აშკარად სხვა "ბარსას" ვხედავთ.
"პლზენმა" ჩეხეთის ჩემპიონატის პირველ 6 ტურში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, ისიც პირველ ტურში.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხურმა გუნდმა 3 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა. ჯერ ფინურ HJK-ს მოუგო ორივე თამაში (2-1, 5-0), შემდეგ მოლდოვურ "შერიფს" (2-1, 2-1), ბოლოს კი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ჯერ უგოლოდ ეთამაშა, შემდეგ კი საკუთარ კედლებში მეტოქე 2-1 დაამარცხა.
საერთო ჯამში "პლზენს" უკვე 34-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.
დანაკლისი
ჩავი დღეს გუნდიდან მიმავალ მირალემ პიანიჩს, ასევე ახალწვეულ განაპირა მცველებს, მარკოს ალონსოსა და ექტორ ბელერინს ვერ დაიხმარს. სხვა მხრივ კატალონიელებს პრობლემა არ აქვთ.
"პლზენს" კი კატალონიაში კადუ, დედიჩი, კასა, კლიმენტი, კოპიჩი და რეზნიკი ვერ მიჰყვებიან.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 2-ჯერ უთამაშიათ და გასაკვირი არაა, რომ ორივე ეს შეხვედრა "ბარსამ" მარტივად მოიგო.
2011/12 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა შინ 2-0 მოიგეს. გოლები ინიესტამ და ვილიამ გაიტანეს. იმ გუნდიდან დღეს "ბლაუგრანაში" ბუსკეტსი და ჩავი არიან შემორჩენილნი.
ჯგუფის განმეორებით მატჩში "ბარსამ" მეტოქე უკვე 4-0 გაანადგურა. სტუმართაგან 3 გოლი მესიმ გაიტანა, ხოლო ერთი ფაბრეგასმა. დღევანდელი გუნდიდან იმ დღეს მოედანზე პიკე და ბუსკეტსი ვიხილეთ.
"პლზენს" ესპანურ გუნდებთან ყოველთვის უჭირდა. ჩატარებულ 8 მატჩში ჩეხებს 1 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი აქვთ.
არბიტრი
შეხვედრას გამოუცდელი ბელგიელი არბიტრი ლოურენს ვისერი განსჯის.
ვისერი მხოლოდ 32 წლისაა. ის ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 2014 წლიდან მსაჯობს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ვისერს მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს განსჯილი - გასულ სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც "რეალმა" "შერიფთან" შინ წააგო.
კარიერის განმავლობაში ვისერი თამაშში საშუალოდ 25 ჯარიმასა და 0.37 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ასევე 3.95 ყვითელ და 0.22 წითელ ბარათს აჩვენებს.
ვისერი როგორც "ბარსელონას", ასევე "პლზენის" შეხვედრაში პირველად იმსაჯებს.
სტატისტიკა
- "პლზენს" 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- "პლზენმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
- "პლზენის" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და ორივე კიევის "დინამოსთან";
- "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
- "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე კიევის "დინამოსთან";
- არც "ბარსელონას" და არც "პლზენს" მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს;
- "პლზენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს;
- "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში ბოლო 23 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული, თუმცა ეს გასულ სეზონში მოხდა;
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი რობერტ ლევანდოვსკის აქვს გატანილი - 33 გოლი 26 თამაშში;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.06 ანიჭებენ, რაც მოგების 94%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების მხოლოდ 67%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
ეს ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენ ვეთამაშებით მეტოქეს, რომელსაც დასაკარგი არაფერი არ აქვს. რთული თამაში იქნება.
გვინდა, რომ ურთულეს ჯგუფში ასპარეზობა კარგად დავიწყოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, პიკე, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კრისტენსენი, კუნდე, ალბა, დე იონგი, კესიე, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- WhoScored: 5-0
- Sportsmole: 5-0
- Goal: 5-0
- Sportskeeda: 4-0
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]