ივან რაკიტიჩის ინტერვიუ
"ბარსელონას" ახალი ფეხბურთელის, ივან რაკიტიჩის, პრეზენტაცია სამშაბათს გაიმართა. კატალონიელთა მე-4 ნომერმა ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტსა და "ბარსა ტვ"-ს.
რაკიტიჩის აზრით, ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ბედნიერება და დაფასება: "მოთამაშესთვის მნიშვნელოვანია კომფორტი. თუ ბედნიერი ხარ, მაშინ 100%-ით დაიხარჯები. თავიდანვე ჩემი ურთიერთობა კლუბთან შესანიშნავი იყო, რაც კარგია ფეხბურთელისათვის."
"გუნდისთვის სასარგებლოა ყოფილი მოთამაშე, რომელსაც მწვრთნელობის გამოცდილება აქვს. "სელტაში" ძალიან კარგად იმუშავა. მას აქვს ბევრი იდეა და მოუთმენლად ველოდები ლუის ენრიკესთან ერთად მუშაობის დაწყებას"- განაცხადა ხორვატიელმა თავის ახალ მწვრთნელზე.
პრეზენტაციაზე რაკიტიჩმა ახსნა, თუ რატომ აირჩია მე-4 ნომერი, რომელიც ეცვათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ გვარდიოლა და კუმანი. "ყველამ ვიცით, რომ კრუიფის წარმატების დროს ამ პოზიციაზე გვარდიოლა თამაშობდა. ეს დაუვიწყარია და ჩემთვის "ბარსაში" ახალი ერა იწყება. მეამაყება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და იმედი მაქვს, რომ ისეთი წარმატებული ვიქნები, როგორიც გვარდიოლა იყო ან თუნდაც უფრო წარმატებული, რადგან ყოველთვის მსურს გამარჯვება."
ოჯახის დახმარების მიუხედავად, სევილიას დატოვება ივანისთვის მაინც რთული იყო. "სევილიადან აქ გადმოსვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. იქ ახლო ურთიერთობა მქონდა ხალხთან და ჩემმა ცოლმა პირველად მნახა ატირებული. ახალი ერა იწყება და "ბარსას" გაუმჯობესებაში დავეხმარები."
"გასულ სეზონში გავხდი უკეთესი ფეხბურთელი და პიროვნება, მაგრამ ვიცი, ჯერ პიკისთვის არ მიმიღწევია. ყოველ წელს შესაძლებელია პროგრესი. თავდაუზოგავად ვიმუშავებ. არ მიყვარს ოცნება, მირჩევნია მისი ასრულება. ნელ-ნელა ვიმოქმედებ და შევეცდები მაქსიმუმის გაკეთებას, საუკეთესოდ თამაშს. ოცნების დრო არ არის."
რაკიტიჩის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას. "ძალიან მოტივირებული ვარ. ჩემს გარშემო ბევრი კარგი ფეხბურთელია. მინდა მათგან ვისწავლო. მსურს თანაგუნდელებს მიზნების მიღწევასა და პროგრესში დავეხმარო. დასაწყისიდანვე მაქსმიმუმი უნდა გაიღო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 39 ]