”ატლეტიკი” - ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ
დღეს ”სიუტატ ესპორტივას” საპრესკოფერენციო ოთახი გადატვირთული იყო ჟურნალისტებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ პირველად მედიის წინაშე ტიტო ვილანოვა წარსდგებოდა. მწვრთნელი ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მოკლედ ისაუბრა: ”თავს ძლიერად ვგრძნობ და ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს, სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებ... ადრე დაბრუნება ვერ მოვახერხე, რადგან ამას სხვა გავლენა შეიძლება მოეხდინა ჩემს ჯამრთელობაზე, ყოველ დღე თავს უკეთ ვგრძნობდი და აქ დაბრუნება ძალიან მსურდა”.
მწვრთნელმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეკონტაქტებოდა გუნდს ნიუ-იორკში ყოფნის დროს: ”მანძილის გამო პრობლემები იყო. ნიუ-იორკში ყოველი დღე მაინც კარგი იყო და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით გუნდთან კონტაქტი მუდმივად მქონდა. როცა 2 დღიანი დასვენების საშუალება მეძლევა არ ვიცი რა ვაკეთო. მუშაობა ძალიან მსურდა, საუკეთესო დღე იყო მაშინ, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ სამუშაოზე დაბრუნება შემეძლო”.
მადლიერი მწვრთნელი
ვილანოვამ მისი თანაშემწეები შეაქო: ”როურამ და ალტიმირამ სამაგალითო სამუშაო შეასრულეს უმაღლესს დონეზე... სხვა ადგილზე მწვრთნელის გუნდში არყოფნა დიდი პრობლემა იქნებოდა. ეს რთული გადაწყვეტილება იყო კლუბისთვის, თუმცა მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი...”.
ბავარიული გამოწვევა
ტიტომ ასევე გერმანიაში განადგურებაზე გააკეთა კომენტარი: ”მეტოქე მატჩს დიდებულ ფორმაში შეხვდა, ჩვენ კი საუკეთესო მდგომარეობაში არ ვიყავით. ანგარიში ნამდვილად არ ასახავს გუნდების ძალებს... ჩვენ ”ბარსა” ვართ და ვალდებულნი ვართ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გავიდეთ მოედანზე, ვიბრძოლოთ და ვცადოთ გამარჯვება. ვნახავთ რა მოხდება, დარწმუნებულებმა უნდა ვითამაშოთ. ვიცი, რომ რთული იქნება, თუმცა ყველაფერი დასრულებული არ მგონია”.
ლა ლიგა - რაც მალე მით უკეთესი
ოთხშაბათამდე გუნდს ”სან მამესზე” ელის სტუმრობა, სადაც ჩემპიონობა შეიძლება გაინაღდოს. ”არ ვიცი როდის მოვიგებთ პრიმერას, თუმცა რაც მალე მოხდება ეს მით უკეთესი იქნება. მსურს, რომ ჩემპიონები ვიყოთ. ჩვენ პრიმერა იდეალურად ჩავატარეთ, ეს ურთულესი ჩემპიონატია, სადაც უამრავი ქულა ავიღეთ, რაც აჩვენებს, რომ სწორად ვმოქმედებთ”.
წინ ყურება
პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ ჩამოვარდა საუბარი. ”სეზონის უმნიშვნელოვანესი ეტაპი წინ გველის და ჯერ საუბარი წამსვლელებზე და მომსვლელებზე ადრეა. რთულია ეს გუნდი კიდევ უფრო უკეთესი გახადო”. მწვრთნელმა ასევე ვალდესის და აბიდალის საკითხებზე ისაუბრა: ”ერიკის შემთხვევაში ყველაფერს ეტაპობრივად გადავწყვეტთ, როგორს ეს აქამდე ხდებოდა. გასულ კვირას მან გასაოცარი 90 წუთი გაატარა მოედანზე, თუმცა მისი ავადმყოფობა ჩვეულბრივი ტრავმა არ ყოფილა”. ვალდესის შესახებ კი მან თქვა: ”ვიქტორს 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი და ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, თუკი ის გაისად დარჩება”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]