მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი I

მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი I

ლუკა კაიოლი

მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია

© 2008, 2012 Luca Caioli

© თარგმანი ქართულ ენაზე: დავით კირვალიძე

© Barcamania.ge 2014

თავი I. როსარიო

- მსურს შევიძინო საქონლის ხორცი. ბარსელონაში უკვე მინახავს ასეთი განყოფილება, მაგრამ არ მახსოვს რას უწოდებდნენ მას ადგილობრივები. ოდნავ ვამარილებ ყველა ნაჭერს, ვალბობ კვერცხში და ვაყრი გამხმარი პურის ნამცეცებს. შემდეგ ვწვავ მოოქროსფრო-მოყავისფრო გარეკანამდე და ვატრიალებ საპირისპირო მხარეს. თხლად ვჭრი ხახვს და მასაც ვათავსებ ტაფაზე. როდესაც ხახვი ხდება გამჭვირვალე, ვამატებ დაჭრილ პომიდორს, ცოტა წყალს, მარილს და ცოტა შაქარსაც. ვტოვებ ასე კიდევ დაახლოებით 20 წუთით. როდესაც სოუსი მზადაა, ვასხავ მას ხორცის ყველა ნაჭერზე, ვცდილობ ყველა ადგილს მოვაცხო ის. ვიღებ მაცივრიდან მარილიან ყველს და თხელ ნაჭრებს ვაწყობ ზემოდან ხორცზე. ვდებ ყველაფერს ღუმელში, იქამდე, სანამ ყველი არ გადნება. დარჩა მხოლოდ კარტოფილის შეწვა, გარნირი, და "მილანეზა ა ლა ნაპოლიტანა". ამის შემდეგ კი ყველაფერი უბრალოდ უნდა მივიტანო მაგიდაზე.

ასე აღწერს გამოცდილი მზარეული და კარგი დიასახლისი სელია თავისი შვილის - ლიონელ მესის საყვარელ საჭმელს.

- როდესაც ჩამოვდივარ ბარსელონაში, ამ ყველაფრის კვირაში ორჯერ-სამჯერ გაკეთება მიწევს. არანაკლებ სამი ნაჭერი ხორცისა, საშუალო ზომის. როდესაც ვხვდები, თმაში ხელს ვუსვამ, და ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი ჩემი გამოცდილებისა და მისი გოლების დამსახურებით კეთდება.

ლეოს უბრალო გემოვნება აქვს: შნიცელი, მაგრამ შებოლილი ხორცის გარეშე, ქათამი სოუსში და ხახვში, პომიდორში და წიწაკით. მის ძმას სულ სხვანაირი გემოვნება აქვს. როდრიგო - ის ხომ ნამდვილი შეფ-მზარეულია, მისი პირველი სურვილი საკუთარი რესტორნის გახსნაა. იგი ყოველთვის რაღაც ახალს იგონებს და ყოველთვის გამოსდის რამე გემრიელის დამზადება, თუმცა უმცროსი ძმა პირიქით, ამას ყველაფერს იწუნებს.

- დიახ, ლეოს უყვარს შოკოლადი და "ალფახორესი" (ტრადიციული ნამცხვარი, რომელშიც კარამელია - ნაციონალური დელიკატესი), როდესაც მივფრინავთ ესპანეთში, გვიწევს ამ ყველაფრის ყუთებით წაღება, რადგან იმდენად ბევრი მიგვაქვს, რომ ლეოს ეყოს დიდი ხნით.

იგი გვიამბობს, ისტორიას, როდესაც მწვრთნელი ლეოს შეპირდა თითო გატანილი გოლის სანაცვლოდ 1 ნამცხვარს, მესიმ კი ერთ თამაშში 8 გოლი გაიტანა. 

ერთი ფინჯანი ყავის თანხლებით, ბარში - "ლა ტენდა", სან მარტინი დე როსარიოს პროსპექტზე, "ბარსელონას" ათიანის დედა სიამოვნებით გვიამბობს თავისი შვილის შესახებ. სელია მარია კუჩიტინი ოლივეირა დე მესის შავი თმები აქვს, პატარა ღიმილი სულ თან სდევს, ხმადაბალი საუბარი, სახის ზოგიერთი ნაკვთით ის ნამდვილად ჰგავს ლეოს, ამასთან ერთად როსარიო გვიმტკიცებს, რომ ლიონელი მამამისის კოპირებაა (იცინის). საუბრისას ის გამუდმებით უყურებს თავის დას მარსელას, რომელიც მის პირდაპირ ზის. კუჩიტინების ოჯახში ყველაზე უმცროსი მარსელაც ფეხბურთელების დედაა: მაქსიმილიანო თამაშობს პარაგვაიში "ოლიმპიაში", ემანუელი ესპანეთში "ჟირონაში", ხოლო ბრუნო დადის რენატო ჩეზარინის სახელობის საფეხბურთო სკოლაში. მარსელა კუჩიტინი დე ბიანკუკი - ლეოს ნათლია და მისი მოსიყვარულე დეიდა. როდესაც ლეო ბრუნდება როსარიოში, იგი სიამოვნებით სტუმრობს მას.

- რათქმაუნდა ჩვენ ხშირად გვიწევს მასთან ჩასვლა ან თუნდაც დარეკვა და მოკითხვა, თუ როგორაა ის იქ, მაგრამ და მას ანებივრებს - ამბობს სელია. - ხოლო როდესაც იქაა ემანუელი, მათ ერთმანეთს ვერ დააშორებ.

ბავშვობიდან ისინი ყოველთვის ერთად აგორავებდნენ ბურთს.

- ჩვენ გვყავდა ხუთი ბიჭუნა: სამი ჩემი - მათიასი, როდრიგო და ლეო, ხოლო ორი ჩემი დის - მაქსიმილიანო და ემანუელი. როდესაც კვირაობით მივდიოდით სტუმრად დედასთან, ბავშვები მუდმივად გარეთ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ეს იყო ხმაურიანი ფეხბურთი ან ტენისი ფეხებით, რაც არ უნდა იყოს ლეო ხშირად ცრემლიანი ბრუნდებოდა სახლში, მიზეზი ამისა კი იყო წაგება ან უფროსი ბიჭების ტყუილები.

- რამოდენიმე დღის წინ მაქსიმ გაიხსენა ერთი ასეთი თამაში, - საუბრობს მარსელა, - ხოლო შემდეგ მან მითხრა, როდესაც ისინი ყველა შეხვდებიან როსარიოში, მას სურს ითამაშოს ფეხბურთი გუნდი გუნდზე - მესი ბიანკუკის წინააღმდეგ, როგორც ეს იყო ადრე.

ეს მოგონებები გვახსენებს ბებიას, ასევე სელიას: მის გემრიელ სამზარეულოს კვირაობით, როდესაც იკრიბებოდა მთელი ოჯახი. ამასთან ერთად ბებია ფეხბურთის მოყვარულიც გახლდათ.

- სწორედ მას დაჰყავდა ბიჭები ვარჯიშებზე. ბებია იყო ის, ვინც გვიმტკიცებდა, რომ ლეოს აუცილებლად უნდა ეთამაშა, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა. ამას ყველაფერს დაემატა ის, რომ ლიონელს ჰქონდა სიმაღლის პრობლემაც. ყოველთვის გვეშინოდა, რომ წააქცევდნენ და რამეს მოსტეხდნენ. ყველა ერთ აზრზე ვიდექით გარდა ბებიისა. ის ყოველთვის გვეუბნებოდა:"მიანდეთ ეს საქმე ლიონელს, დაანებეთ ბიჭს თავი, გოლებს სწორედ ის იტანს და არა სხვა ვინმე." ბებიამ დაგვითანხმა ლეოსთვის ბუცების ყიდვაზეც. რა ცუდია, რომ ის ვერ ხედავს დღევანდელ ლეოს. იგი გარდაიცვალა, როდესაც ლიონელს შეუსრულდა 10 წელი, მაგრამ იქნებ ის ხედავს მას ციდან, იცის ვინაა დღეს და რას წარმოადგენს "ბარსას" ათიანი, ბიჭუნა, რომელიც სელიას ძალიან უყვარდა.

როგორ დაიწყო ლეომ ფეხბურთის თამაში? ვინ ასწავლა მას ეს ყველაფერი? საიდან აღმოაჩნდა არგენტინელ პატარას ასეთი შესაძლებლობები - იქნებ საქმე გენებშია?

- არ ვიცი, მამისაგან, ძმებისაგან, ბიძაშვილებისაგან. ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ ფეხბურთი. მეც ვგულშემატკივრობ. ვის? მარადონას! ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი მის თამაშებს და გოლებს. როდესაც დიეგო მარადონა გავიცანი, ვუთხარი: "იმედია, ოდესმე ჩემი შვილიც გახდება დიდებული ფეხბურთელი და თქვენ იქნებით მისი მწვრთნელი". ფაქტი კი სახეზეა... ყველამ იცის რამდენს მიაღწია ლეომ...

შესვენება საუბარში: რეკავს მობილური. სელია ბოდიშს იხდის და გადის გვერდით საპასუხოდ. ახლა უკვე მარსელა იწყებს ლეოზე საუბარს.

- ის აკეთებდა რაღაც დაუჯერებელს. ჯერ არ იყო ხუთი წლის, მაგრამ უკვე იცოდა ბურთის მართვა, ისე როგორც არავინ. მას უყვარდა ეს საქმიანობა, არასდროს ჩერდებოდა. იმდენი ხანი ურტყავდა ბურთს კარზე, რომ მეზობლები უკვე სთხოდნენ ცოტა ხნით შესვენებას.

სელიამ დაასრულა საუბარი მობილურზე და მოუჯდა მაგიდას. თანხმობის ნიშნად თავი ჩააქნია.

- ყველაზე ცუდი დასჯა, რომელიც ლეოს მივუსაჯეთ, - ეს იყო ვარჯიშზე წასვლის აკრძალვა. "არა დედიკო, გეხვეწები, ყველაფერს დაგიჯერებ, მართლა - მართლა, გეფიცები". იჯდა ასე მომტირალი და მიმეორებდა ამ სიტყვებს, იქამდე, სანამ მე არ დავნებდი. ლეო არ იყო ფეთქებადი ხასიათის, არც ზარმაცი, ყოველთვის კარგ ბავშვად ახასიათებდნენ, ჩუმი, მორცხვი, ზუსტად ისეთი როგორიც ახლაა.

მართლა?

- დიახ. ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დიდებას. როდესაც ლეო ჩამოდის როსარიოში, მას ყოველთვის უნდა გასეირნება ქალაქში, სან-მარტინის პროსპექტზე, ბიძაშვილ - ემანუელთან ერთად. თუმცა ვიცით, რომ აქ ამის საშუალებას არ მისცემს არავინ, რადგან ხალხს დაემართება ისტერიკა და ლეოს უბრალოდ ორი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ მისცემენ. ამაზე ის ძალიან ბრაზდება. არ ესმის ამის და მწყობრიდან გამოდის. ბარსელონაში იგი დადიოდა უნივერმაღ "კორტე ინგლესში", თანაც სპორტული ტანსაცმლით. ადრე ხშირად რონალდინიო მას უჩეჩდა თმებს და ეკითხებოდა ხომ არ გაგიჟდა, რადგან ასე სეირნობს ქალაქში. ლეო საერთოდ ვერ ამჩნევს თუ ვინაა და რას წარმოადგენს. ასე რომ ხელმოწერების დარიგება ან გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღება არანაირად არ აღიზიანებს მას. ხანდახან, როდესაც ვბრუნდები სახლში და ლეო უკვე საწოლზე წევს, მივუწვები მეც და ვეხუმრები: რას არ დათმობდნენ გოგოები, რათა ახლა ჩემს ადგილას იწვნენ. ამაზე კი ლეოს რეაქცია:"დეეედაააა..... გეყოფა...""

ბარის კედლებზე კიდია არგენტინელი ფეხბურთელების მაისურები. ფანჯრის ქვეშ ლეოს მაისურიც კიდია, მასზე იგი "ბარსელონას" 13 ნომრითაა გამოსახული. 

- აქ არ იციან, რომ მე მისი დედა ვარ, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქალაქში, - აღნიშნავს სელია, ქალი, რომელსაც არ სურს პოპულარობა, აცნობიერბს რა რისკს, რომელიც ამას ყველაფერს მოჰყვება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორია იყო ვარსკვლავის დედა?

- მეამაყება, საშინლად მეამაყება. როდესაც ვშლი გაზეთს, ვხედავ სტატიას მის შესახებ, ან მის ნომერს, ან თუნდაც ბავშვებს მისი მაისურით... მე პირდაპირ ვივსები სიამაყით. აი რატომ მიჭირს იმ კრიტიკის მოსმენა, რომელიც მიმართულია ლეოსადმი. არ მიყვარს როდესაც აკრიტიკებენ მის თამაშს და განსაკუთრებით ვერ ვიტან, როდესაც უარყოფითად ეხებიან მის პირად ცხოვრებას. როდესაც მირეკავენ და მეუბნებიან: სელია, ეს წაიკითხე? ან ეს ნახე? ლეო? არა, ის თითქმის არ კითხულობს იმას, რასაც მასზე წერენ. ხოლო თუ რამეს მოკრავს თვალს, ეს მასზე ნაკლებად მოქმედებს. მოგატყუებთ, რომ გითხრათ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო. მასაც ჰქონდა ცხოვრებისეული დაბრკოლებები. როდესაც ის იღებდა ტრავმებს, ვერ თამაშობდა თვეობით, საქმეები არ მისდიოდა ისე, როგორც თვითონ სურდა. როგორც კი ასეთი რაღაც მოხდება, დიდი ხანი არც ვფიქრობ, იმ წამსვე ვალაგებ ბარგს და მივფრინავ ბარსელონაში, რათა გავერკვე რა მოხდა, ვიყო მის გვერდით, ვიზრუნო მასზე როგორც შემიძლია. ბავშვობიდან ლეოს სააშკარაოზე არაფერი გამოჰქონდა, ყველაფერს ინახავდა გულში. მახსოვს როგორ ჩამოვარდა საუბარი მის არგენტინაში დაბრუნებაზე, მან კი მიპასუხა:"დე, ნუ ინერვიულებ, მე დავრჩები, შენ წადი, ღმერთი არ დაგვტოვებს". იგი მიზანდასახული პიროვნებაა.

იგი კვლავ უბრუნდება წარმატების თემას, გულშემატკივრები, რომლებიც გიჟდებიან მესიზე.

- ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ხალხს იგი უყვარს, - ამბობს სელია. - ვფიქრობ ლეო უყვართ, რადგან იგი უბრალო ადამიანია, მორიდებული, კარგი პიროვნება. ხშირად ფიქრობს სხვებზე და ცდილობს, რომ მის გარშემო ყველა კარგად იყოს: მშობლები, ძმები, და, ძმისშვილები, დისშვილები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები... იგი ყოველთვის ფიქრობს მათზე. რათქმაუნდა მე მისი დედა ვარ და როგორც ნებისმიერი მშობელი აქებს თავის შვილს, გეტყვით, რომ ლეო დიდი გულის პატრონია.

როგორ ხედავს დედა შვილის მომავალს?

- თუკი ვისაუბრებთ ფეხბურთზე, ვიმედოვნებ, რომ იგი შევა ისტორიაში, როგორც პელე და მარადონა. კიდევ ვფიქრობ ის წავა კიდევ უფრო შორს. მაგრამ პირველ რიგში მსურს იგი იყოს ბედნიერი თავის ოჯახთან ერთად, ოჯახთან, რომელთანაც იგი მთელ ცხოვრებას გაატარებს. იგი ყველანაირად ფეხბურთზეა დამოკიდებული. მას არ ჰქონია ის გართობა, რომელიც მის თანატოლებს ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი შესანიშნავად გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას. ლეო ამას უბრალოდ იმსახურებს.

გარეთ ცოტა ჩამობნელდა. ქუჩაზე მოძრაობა გახშირდა: ავტობუსები, ფურგონები, მანქანები, რომლებიც საშინელ გამონაბოლქვს ტოვებენ. უამრავი ადამიანი, ყველას რაღაც საქმე აქვს. სელია უკვე სახლში მიდის, მას ელოდება მარია, უმცროსი ოჯახში. მარსელამ უნდა გამოიყვანოს ბრუნო სკოლიდან. წვიმს, ხოლო სელიას სურს სტუმრები ქალაქის ცენტრში წაიყვანოს. იგი მიდის მანქანასთან. კართან მესმის მარსელას ბოლო რამოდენიმე სიტყვა დედობრივი შიშის შესახებ - ტრავმებზე და ფულზე, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე დარტყმის მოყენება.

- ჯერ ჩემს შვილებს არ დაუკარგავთ რეალობის გრძნობა. მე, ჩემი ოჯახი და დის ოჯახი ვცხოვრობთ იმ ქალაქში, სადაც დავიბადეთ, ზუსტად იგივე სახლში, სადაც ყოველთვის ვიყავით, არ გადავსულვართ სხვაგან, არასდროს გვდომებია ფესვების დაკარგვა, ჩვენი შვილებიც ზუსტად ასე არიან. მსურს, რომ არასდროს შეიცვალონ. ვვოცნებობ არ დაემართოთ ის, რაც დაემართა ზოგიერთ სხვა ფეხბურთელს, როდესაც პოპულარობამ მათ ადამიანობა დააკარგვინა.

ნაცრისფერი "Volkswagen"-ი ჩერდება ტროტუართან. სელია ჩქარა ატარებს მანქანას როსარიოს ქუჩებში. ჩავიარეთ ლეოს ძველ სკოლასთან და აქ დედამისმა თქვა:

- ლეო დიდად ვერ სწავლობდა. 

იგი უხვევს მარჯვნივ "ტირო სუისოსთან", სპორტული კლუბი, რომელიც ჩამოყალიბდა 1889 წელს ტეზინოს ემიგრანტებისაგან. ორი ბიჭი ვერც კი ამჩნევს მანქანას, ისინი იმდენად გართულნი არიან ბურთის გორაობით.

- აი, ლიონელიც სწორედ ასეთი იყო, - ამბობს სელია.

თავი 2. დიდი გარიბალდი

გაგრძელება იქნება...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.