ნეიმარის მამამ განაცხადა, რომ "ბარსელონამ" მის შვილში 200 მლნ-ზე მეტი დახარჯა
ნეიმარის მამის, ნეიმარ უფროსის განცხადებით, კატალონიურმა კლუბმა თავის დროზე მისი შვილის ტრანსფერში 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, იტყობინება Mundo Deportivo.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად "პარი სენ-ჟერმენში" ასპარეზობს, "ბარსელონაში" 2013 წელს, "სანტოსიდან" გადავიდა. როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილი პრეზიდენტი, სანდრო როსელი ამტკიცებდა, რომელიც ამჟამად ფულის გათეთრების გამო პატიმრობაში იმყოფება, "ბარსელონამ" ნეიმარის სანაცვლოდ 57 მილიონი ევრო გადაიხადა. როსელის შემცვლელმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ტრანსფერის თანხად 86 მილიონი ევრო დაასახელა. თუმცა, ნეიმარის მამა ამტკიცებს, რომ ეს ციფრები რეალობისგან ძალიან შორსაა: კატალონიელებმა "სანტოსს" 134 მილიონი ევრო გადაუხადეს, თავად მოთამაშემ კი, ხელფასის სახით, 71 მილიონი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-მ მიმდინარე სეზონის სტარტამდე, 222 მილიონ ევროდ შეიძინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]