უხვმოსავლიანი 1995
1995 წელი არაერთი მოვლენით დაგვამახსოვრდა. სწორედ ამ წელს, 15 დეკემბერს, ევროკავშირმა ევროს შექმნაზე მიაღწია შეთანხმებას. ამავე წელს გამოჩნდა ბაზარზე Internet Explorer და Windows 95. საინტერესო ფაქტები საფეხბურთო სამყაროშიც მოხდა: პრიმერადივიზიონში მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-დან 22-მდე გაიზარდა, კრუიფის დამოძღვრილი "ბარსელონა" პსჟ-სთან დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი კლუივერტის გოლის წყალობით, "აიაქსი" გახდა.
ამ მოვლენებთან ერთად, ქვეყანას პოლ ბალიესტე, როჟე რიერა, სერხი სამპერი და ჟონ ტორალი მოევლინენ. თაობა, რომელიც იმისთვის გაიზარდა, რომ პიმიენტას ხელმძღვანელობით საკუთარი ისტორია დაწეროს.
ბოლო ორ შეხვედრაში კანტერანოებმა 20 გოლის გატანა მოახერხეს. საერთო სტატისტიკამ (ხუთ მატჩში 31 გოლი) გარსია პიმიენტა აიძულა კომპლიმენტები არ დეშურებინა შეგირდების მიმართ: "ფეხბურთელთა ეს ჯგუფი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული, ისინი უსიტყვოდ უგებენ მწვრთნელებს და ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბავშვობიდან ერთ სტილში თამაშობენ".
Cadete A-ს ამჟამინდელი შემადგენლობიდან, ცხრა ფეხბურთელი უკვე ექვსი წელია მხარდამხარ ბურთაობს. 2005/06 წლების სეზონში Alevín B-ში ერთად ჩატარებული პირველი სეზონიდანვე უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და დღევანდელი გუნდის ბირთვს წარმოადგენენ.
მეკარე პოლ ბალიესტე სწრაფი და საიმედოა. როჟე რიერა მეორე სართულზე თამაშობს ბრწყინვალედ და მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. გოდვილმა, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ფლანგზე ბრწყინვალე თამაშის გარდა, ცენტრში ბურთაობაც ისწავლა. მარკ ნავარო მარჯვენა ლატერალია, რომლისთვისაც ზუსტი, გამჭოლი გადაცემის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს. მოედნის ცენტრში სერხი სამპერი ბატონობს - ამ ბიჭის პასებზე ამბობენ "made in Barça"-ო. ყოფილი ნახევარმცველი პაუ ოტერო უზადო ტექნიკით გამოირჩევა, ხოლო ცაცია ჟონს, საკუთარ პოზიციაზე არ ჰყავს ბადალი. გუნდის ბომბარდირულ პოტენციალზე პასუხს ექტორ ბელიერინი და კეიტა ბალდე აგებენ.
ყველანი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ და უკვე მზად არიან იმისათვის, რომ საფეხბურთო ევროპას გააცნონ თავი. მათი ამბიციურობის დამადასტურებელი ფაქტი ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაა, სადაც Cadete A-ს შვიდი ფეხბურთელი მოხვდა: ბალიესტე, ბელანო, გრიმალდო, სამპერი, ჟონი, კოლინა, ექტორი და სანდრო.
ყოჩაღ მაესტრო
სერხი დომენეჩი ამ ფეხბურთელებს სამი სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა, როდესაც ისინი Benjamín A (04-05)-ში, Alevín B (05-06)-ში და Infantil B (07-08)-ში გამოდიოდნენ.
"ყოველთვის მსიამოვნებდა ამ ბიჭებთან მუშაობა. ისინი მუდამ სამაგალითონი და შრომისმოყვარენი იყვნენ. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენს თვალწინ, პიკეს, სესკისა და მესის დარი კანტერანოების ახალი პლეადა იზრდება. ფეხბურთელთა ასეთ ჯგუფს არასდროს შევხვედრივარ, მათ ყველა ის აუცილებელი თვისება აქვთ, რაც "ბარსელონას" ფეხბურთელს სჭირდება. ფიზიკურად ძლიერები არიან და ამავდროულად, არაჩვეულებრივად ტექნიკურები.
გასახდელსა და მოედანზე ლიდერი როჟე რიერაა. მოედნის ცენტრს სამპერი და ჟონი განაგებენ, რომლებიც დიდწილად თამაშის სტილსაც განსაზღვრავენ. ყველაფერთან ერთად, ეს ბიჭები სკოლაშიც კარგად სწავლობენ. მაგალითად, გოდვილი 11 წლიდან ექვს საათზე იღვიძებს, რათა მშობლებს მეურნეობაში დაეხმაროს. აქედან გამომდინარე, უკვე ვიცი, რომ ისინი ყველა გამოცდას ღირსეულად გაუმკლავდებიან. მჯერა, რომ ჩვენს თვალწინ განუმეორებელი თაობა იზრდება, როგორც სპორტული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]