ბარსელონა-იუვენტუსი - წინასამატჩო მიმოხილვა

ბარსელონა-იუვენტუსი - წინასამატჩო მიმოხილვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ასეთი მდგომარეობა იდეალურთან მიახლოებული ჩანდა. ამ ტურნირზე ლა ლიგისგან საპირისპიროდ, ანუ კარგად თამაშის წყალობით, დღეს "ბარსა" არცთუ რთული ამოცანის წინაშე დგას. რონალდ კუმანის გუნდმა დღეს ან უნდა მოიგოს, ან ფრედ ითამაშოს, ან ერთი ბურთით წააგოს, ან 0-2 წააგოს და ამ შემთხვევაში მიზანი მიღწეული იქნება. მიზანი კი ჯგუფის მოგებაა. "ბარსელონა" ხომ ის გუნდია, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ვხუმრობთ, ამ მიზნის მიზეზი ისაა, რომ 1/8-ფინალში "ბაიერნს", "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ავცდეთ, ამისთვის კი ჯგუფის მოგებაა საჭირო. თუმცა, "ბარსელონა" ნამდვილად არის ის გუნდი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის, მაშინაც კი, როდესაც ცუდ დღეშია.

სათამაშო ფორმა

სეზონის კარგი სტარტი არცერთ გუნდს აქვს. "ბარსელონაც" და "იუვენტუსიც" შიდა ასპარეზზე დომინირებას დაეჩვივნენ, ამ სეზონში კი - "იუვე" სერია A-ში მე-4 ადგილზეა და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება, "ბარსა" კი ლა ლიგაში სულაც მე-9 პოზიციაზეა და კატალონიელებს ლიდერთან 12 ქულა აშორებთ.

უკეთეს დღეში მაინც "იუვეა". უფრო სწორედ, "იუვე" ცუდ დღეშია, "ბარსა" - უარესში.

ტურინელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვთ, ისიც "ბარსელონასთან". სერია A-ში ანდრეა პირლოს გუნდს 10 თამაშში მხოლოდ 5 მოგება აქვს, მაგრამ ტურინელები არც დანარჩენ ხუთ შეხვედრაში დამარცხებულან.

ქვეყნის ჩემპიონატის 10 თამაშში "ბებერმა ქალბატონმა" შესაძლო 30-დან მხოლოდ 20 ქულა აიღო. ცუდი შედეგია. "ბარსელონას" კი ამდენივე თამაშში 14 ქულა აქვს. რონალდ კუმანის გუნდი ქულების ნახევრის მოპოვებასაც კი ვერ ახერხებს. საზომად ლა ლიგის გასული გათამაშება რომ ავიღოთ, "გრანადასა" და "ხეტაფეს" დონის შედეგია და ასეთი მაჩვენებლით ევროპის ლიგის ზონაშიც კი ვერ მოვხვდებით. სპეციალურად ჩამორჩენილი გუნდებისთვის ახალი ტურნირი, ევროპის კონფერენცია რომ შეიქმნა ახლახანს, იქაც კი ვერ მოვხვდებით. აქამდე დავეცით ლა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ ორის მოგების გამო. ზედიზედ ბოლო 2 თამაში ბოლოს მაშინ მოვიგეთ, როცა ანსუ ფატი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, დემბელეს კი "ბარსელონაში" ჯერ მხოლოდ 9 ტრავმა ჰქონდა მიღებული. მას შემდეგ მხოლოდ ის არ შეიცვალა, რომ სამუელ უმტიტი დაბრუნებასთან ისევ ახლოსაა.

ქვეყნის ჩემპიონატში ზედიზედ 2 მოგებას რაც შეეხება - "იუვენტუსს" ასეთი შედეგი კიდევ უფრო დიდი ხანია, ივლისის შემდეგ არ უჩვენებია.

დანაკლისი

ბოლო დროს ისეთი თამაშები მომრავლდა, რომელშიც "ბარსას" მეტოქეზე დიდი დანაკლისი აქვს. ეს ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ რონალდ კუმანს საქმეს კიდევ უფრო ურთულებს.

დღეს ნიდერლანდელ სპეციალისტს ჟერარ პიკეს, სერჟი რობერტოს, ანსუ ფატისა და უსმან დემბელეს იმედი ვერ ექნება. შესაძლოა სეზონში პირველად განაცხადში მოხვდეს სამუელ უმტიტი, მაგრამ თითქმის გამორიცხულია ის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

სავარაუდოდ ძირითადში იქნება რონალდ არაუხო, რომელიც გუნდს ახლახანს დაუბრუნდა.

"იუვენტუსი" კატალონიას 2 ცენტრალური მცველის გარეშე ეწვია. პირლო ჯორჯო კიელინისა და მერიჰ დემირალს ვერ დაიხმარს. იტალიელის თქმით, შესაძლოა დაისვენოს დე ლიხტმაც.

სტუმართა განაცხადში მოხვდა ჯიჯი ბუფონიც, რომელმაც, როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. მართალია, 42 წლის ლეგენდა ტურინელთა პირველი მეკარე აღარაა, მაგრამ არაა გამორიცხული ის დღეს მაინც სასტარტოში ვიხილოთ.

"იუვენტუსის" განაცხადი.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 15 შეხვედრიდან "ბარსელონამ" 6 მოიგო, "იუვენტუსმა" 5, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 21-16, "ბარსას" სასარგებლოდ.

ესპანეთში გამართული 5 დაპირისპირებიდან 3 მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 1 ფრედ, ერთხელ კი ტურინელებმა მოიგეს.

"ბარსელონასა" და "იუვენტუსის" პირველი დაპირისპირება 1952 წელს, ლათინური თასის 1/2-ფინალში შედგა. ის თამაში "ბლაუგრანამ" 4-2 მოიგო, გოლები კი მანჩონმა, ბასორამ (2) და კუბალამ გაიტანეს.

ამის შემდეგ ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ჯერი დადგა.  1970 წელს, 1/16-ფინალში "იუვემ" ორივე შეხვედრა 2-1 მოიგო. "ბარსელონას" მხრიდან გოლები მარსიალმა და პუჟოლმა გაიტანეს.

ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გუნდები პირველად ერთმანეთს 1986 წელს, 1/4-ფინალში შეხვდნენ. ესპანეთში ჩატარებული თამაში მასპინძლებმა ხულიო ალბერტოს გოლით მოიგეს, იტალიაში კი გუნდებმა 1-1 ითამაშეს ("ბარსას" მხრიდან გოლი არჩიბალდმა გაიტანა).

5 წლის შემდეგ უფრო ძლიერი ისევ "ბარსელონა" გამოდგა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე "ბარსამ" "კამპ ნოუზე" 3-1 მოიგო. გოლები სტოიჩკოვმა (2) და გოიკოეჩეამ გაიტანეს. განმეორებით შეხვედრაში "იუვენტუსმა" 1-0 მოიგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც კატალონიელები გავიდნენ. ამ ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა "ბარსელონას" ამჟამინდელმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა.

ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს სულ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებიან. 2003 წელს, 1/4-ფინალში "ბარსამ" უპირატესობა ვერ გამოიყენა. კატალონიელებმა, ხავიერ სავიოლას გოლით, ტურინში უპირატესობა მოიპოვეს (1-1). "კამპ ნოუზე" იგივე ანგარიში იყო (ჩავის გოლი), როდესაც 79-ე წუთზე მოედნიდან ედგარ დავიდსი გააძევეს და "იუვენტუსი" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, 114 წუთზე მარსელო სალაიეტას მიერ გატანილმა გოლმა "ბლაუგრანა" ნახევარფინალს მიღმა დატოვა.

ამის შემდეგ იყო გუნდებს შორის გამართული მთავარი დაპირისპირება - 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელში 3-1 მოგებითაც "ბარსელონამ" თბილისში გასამართ ევროპის სუპერ თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბერლინში გამართულ იმ თამაშში გოლები ივან რაკიტიჩმა, ლუის სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს, მეტოქე გუნდის მხრიდან კი თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელიც ტურინულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ის შეხვედრა სრულად ჩაატრა "ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ანდრეა პირლომ.

იტალიელებმა რევანში 2017 წელს აიღეს. ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მათ კატალონიელები აშკარად დაჯაბნეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. განმეორებითი თამაში 0-0 დასრულდა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ორრაუნრიანი დაპირისპირება, რომელშიც "ბარსამ" გოლი ვერ გაიტანა.

მომდევნო სეზონში იგივე ანგარიშები უკვე "ბარსელონას" სასარგებლოდ განმეორდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე. "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა მესის დუბლისა და ივან რაკიტიჩის გოლით იმარჯვეს.

ბოლო დაპირისპირება კი წელს, 28 ოქტომბერს შედგა, როდესაც კატალონიელებმა ტურინში 2-0 მოიგეს.

იმ მატჩში გუნდებმა ამ შემადგენლობებით ითამაშეს:

იუვენტუსი: სჩესნი, დანილო, დემირალი, ბონუჩი, კუადრადო, ბენტანკური, რაბიო, კულუსევსკი, კიეზა, მორატა, დიბალა.

ბარსელონა: ნეტუ, ს. რობერტო, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, გრიზმანი, პედრი, დემბელე, მესი.

გოლები დემბელემ და მესიმ გაიტანეს.

საინტერესოა, რომ "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ჩატარებული პირველი 10 თამაშიდან 8-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა, ბოლო 5 დაპირისპირებაში კი ასეთი რამ არ მომხდარა.

"იუვენტუსს" ესპანურ გუნდებთან გამართულ 65 თამაშში 24 მოგება, 16 ფრე და 25 მარცხი აქვს, ბურთების შეფარდება - 74-72. აქედან 29 მატჩი, 6 მოგება, 7 ფრე და 16 მარცხი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებზე მოდის.

"ბარსელონას" იტალიურ გუნდებთან 59-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 30 მოგება, 18 ფრე და 11 მარცხი დაუგროვდათ. მათ 101 გოლი გაიტანეს და 58 გაუშვეს. ესპანეთში ჩატარებული 26 მატჩიდან "ბლაუგრანამ" 19 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 2 წააგო.

გამორჩეული ფეხბურთელები

წინა დაპირისპირების დროს ეს რუბრიკა გაგვიფუჭდა. იმედია, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას დღეს მაინც ვიხილავთ.

არგენტინულ-პორტუგალიური დაპირისპირება ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ ვინაა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ორ ამ დონის მოთამაშეს ერთ ეპოქაში ნამდვილად არასდროს უთამაშია.

ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 35-ჯერ უთამაშიათ. რონალდუსთვის მესი მე-2 ყველაზე ხშირი მეტოქეა ანდრეს ინიესტას (36 თამაში) შემდეგ. თუ დღეს არგენტინელი და პორტუგალიელი მოედანზე ვიხილეთ, ლეო ანდრესს დაეწევა. იგივეს შანსი აქვს სერხიო ბუსკეტსს.

მესის რონალდუზე მეტჯერ ქარიმ ბენზემას (38), დიეგო გოდინისა (38) და სერხიო რამოსის (44) წინააღმდეგ უთამაშია.

35 თამაშიდან მესიმ 16 მოიგო, რონალდუმ 10, ხოლო 9 ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შედეგი გვაქვს: მესის 2 მოგება, რონადლუს 1 მოგება, 2 ფრე.

სულ 11 ფეხბურთელი არსებობს ისეთი, რომელთა წინააღმდეგაც რონალდუს 15-ჯერ ან მეტჯერ უთამაშია და პორტუგალიელს უარყოფითი ბალანსი აქვს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ თერთმეტივე ეს მოთამაშე "ბარსას" მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელია (ბუსკეტსი, პიკე, ინიესტა, მესი, ჩავი, ალვესი, ფაბრეგასი, პედრო, ვალდესი, პუიოლი, სანჩესი). ბუსკეტსა და პიკეს რონალდუსთან 17-17-ჯერ მოუგიათ, ხოლო ინიესტასა და მესის - 16-16-ჯერ. თუ დღეს მოედანზე მესი ვიხილეთ და ბუსკეტსი არა, ლეოს შანსი ექნება ლიდერთა შორის გადაინაცვლოს. ცნობისთვის, იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებთანაც რონალდუს ყველაზე მეტი წაგება აქვს, პირველ 8 ადგილს "ბარსელონელები" იკავებენ.

ბუნებრივია, რონალდუც მესისთვის ერთ-ერთი ურთულესი მეტოქეა. კრიშტიანუზე მეტი წაგება ლეოს მხოლოდ სერხიო რამოსთან (16) აქვს.

35 თამაშში მესის გუნდებმა 62 გოლი გაიტანეს, რონალდუს გუნდებმა - 46 გოლი. აქედან მესის აქტივში 22 გოლი და 12 ასისტია, ხოლო რონალდუს აქტივში - 19 გოლი და მხოლოდ 1 ასისტი. ურთიერთშეხვედრების დროს მესი გოლში ყოველ 90 წუთში ერთხელ მონაწილეობს, რონალდუ კი - 146 წუთში ერთხელ.

როგორც ხედავთ, როდესაც საქმე ურთიერთშეხვედრებს ეხება, არგენტინელი არ ტოვებს კითხვის ნიშნებს, ისაა უკეთესი, თუ კრიშტიანუ. იმედია, ასე იქნება ამჯერადაც.

მესის უპირატესობა აქვს გუნდურ ჯილდოებშიც - 34-29. ასევე მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოებშიც (ოქროს ბურთი 6-5, ოქროს ბუცი 6-4).

არბიტრი

მატჩის მთავარი არბიტრი გერმანელი ტობიას შტილერი იქნება, რომელიც "ბარსელონას" მატჩში პირველად, "იუვენტუსისაში" კი მესამედ იმსაჯებს.

წინა 2 შეხვედრიდან ტურინელებმა ორივე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩაატარეს, ერთი მოიგეს ("ოლიმპიაკოსთან" სახლში, 2-0), ერთი კი წააგეს ("იანგ ბოიზთან" სტუმრად, 1-2).

ამ ორ შეხვედრაში შტილერმა 4 ყვითელი ბარათი აჩვენა და ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა ("იუვენტუსის" კარში).

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა თამაში მოიგო. ასეთი შედეგი აქამდე მხოლოდ 7-ჯერ დაფიქსირებულა, ერთხელ (2002/03 წლების სეზონში) "ბარსელონას" მიერ;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში კატალონიელებს მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 5-ში "ბარსა" პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
  • "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან 4 მოიგო;
  • ესპანურ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან "იუვემ" 5 მოიგო, თუმცა ესპანეთში ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 3;
  • "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ჩატარებულ 3 თამაშში კატალონიელებმა კარის მშრალად შენავა მოახერხეს;
  • "ბარსელონას" იტალიურ გუნდებთან გამართულ ბოლო 7 თამაშში წაგება არ აქვს, საკუთარ კედლებში კი ბოლო 16 თამაშში (13 მოგება, 3 ფრე);
  • მირალემ პიანიჩი ითამაშებს იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც 4 წელი აქვს გატარებული. "იუვენტუსში" მისი სტატისტიკა ასეთია: 178 თამაში, 22 გოლი, 41 საგოლე გადაცემა, 7 ტიტული;
  • 2 წელი "იუვენტუსში" თამაშობდა ნეტუც, რომელმაც მონაწილეობა 22 თამაშში მიიღო, 15 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა;
  • არტურ მელო "ბარსელონაში" 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან 72 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, კატალონიელებთან ერთად კი 2 ტიტული მოიგო;
  • 2007/08 წლების სეზონიდან მოყოლებული "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებას ყოველთვის ახერხებდა;
  • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგება სულ 21-ჯერ მოახერხა, რაც რეკორდია;
  • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე 25-ე სეზონს ატარებს, რაც "რეალის" მაჩვენებელთან ერთად საუკეთესო შედეგია;
  • "ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უკვე 4 წელია არ წაუგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 37 თამაშიდან "ბარსელონამ" მხოლოდ 3 წააგო;
  • "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 38 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს, რაც რეკორდი და წინა საუკეთესო მაჩვენებლის უკვე 11 თამაშით გაუმჯობესებაა;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას, 6 გოლით, 3 ფეხბურთელი ლიდერობს, რომელთა შორის ალვარო მორატაცაა. "ბარსელონას" ბომბარდირები, 3-3 გოლით, ბრეითუეიტი, მესი და დემბელე არიან;
  • კრიშტიანუ რონალდუს "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ 31 თამაშში 18 გოლი და 2 ასისტი აქვს;
  • ალვარო მორატას "ბარსელონას" წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 ასისტია, რასაც კიდევ 3 გაუქმებული გოლი ემატება წინა თამაშიდან;
  • "იუვენტუსს" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვს - "ბარსელონასთან".

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

"ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. გვსურს, რომ ჯგუფური ეტაპი ლიდერების ამპლუაში დავასრულოთ. 3-ქულიანი უპირატესობა გვაქვს და პირველი ადგილით გასვლა სავსებით რეალურია.

კუმანის კომენტარი სრულად.

ანდრეა პირლო

"ცოტა უცნაურია, რომ "ბლაუგრანა" ლა ლიგაში ცუდად გამოიყურება. პირადად, არ მჯერა, რომ კლუბს კრიზისი აქვს. ყველას უწევს აღმავალი და დაღმავალი მომენტები განიცადოს.

პირლოს კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, მესი, გრიზმანი, პედრი, ბრეითუეიტი.

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო, კიეზა, არტური, მაკკენი, რემზი, მორატა, რონალდუ.

WhoScored

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, მესი, გრიზმანი, კოუტინიო, ბრეითუეიტი.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი, დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, სანდრო, კულუსევსკი, არტური, რაბიო, კიეზა, რონალდუ, მორატა.

Sportsmole

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, კოუტინიო, გრიზმანი.

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო, კულუსევსკი, რაბიო, ბენტანკური, კიეზა, მორატა, რონალდუ.

Sportskeeda

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, კოუტინიო, გრიზმანი.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო, კულუსევსკი, რაბიო, ბენტანკური, კიეზა, მორატა, რონალდუ.

90min

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, მესი, გრიზმანი, კოუტინიო.

იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, კულუსევსკი, მორატა, რონალდუ.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-0
  • Sportsmole: 1-1
  • Sportskeeda: 2-2
  • 90min: 3-2

ტრანსლაცია

თამაში 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ სპორტ 3 და Silksport.ge გთავაზობთ.

ამ თემაზე ასევე დაგაინერესებთ

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 დეკემბერი 2020 13:47
    0
    იმედია 4-3-1-2 სქემით გაიყვას გუნდს სათამაშოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მსლ
    სტუმარი [?]
    #4 8 დეკემბერი 2020 12:52
    1
    პროგნოზი:
    მსლscored-2:0
    sabascored-3:0
    Sportsaba. -5:0
    Sportმსლ - 7:0

    barca-1 ემი გამოცემების პროგნოზები🤣🤣🤣
    dola777
    სტუმარი [?]
    #3 8 დეკემბერი 2020 12:36
    2
    უნდა გავანადგუროთ დღეს, რათა ჩვენი ძალები კიდევ უფრო ვირწმუნოთ. დღემდე ვერ მომინელებია იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და ყოველთვის, როდესაც ამ გუნდს ვხვდებით მინდა რო გავანადგუროთ. მესის ძალიან ბევრი აქვს ამ თამაშში დასამტკიცებელი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ჰეტრიკის დროა გრანდთან დიდი ხანია არ გვინახავს და იმედია დღეს საოცარ სპეკტაკლს დადგამს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 დეკემბერი 2020 11:59
    3
    უნივერსალი უკეთესს რას გაუშვებს ნეტა?
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გოგიბერიძე
    სტუმარი [?]
    #1 8 დეკემბერი 2020 11:30
    1
    "ლა ლიგაში ანდრეა პირლოს გუნდს 10 თამაშში მხოლოდ 5 მოგება აქვს".ეს ისე მაინც საწყენად იმედია არ მიიღებ blush . კარგი სტატიაა barca-4